
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 60 წლის ქალის მკვლელობის საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ამავე სოფლის მკვიდრი პირი, რომელიც ასევე რამდენჯერმე ნასამართლევია და პირიობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
60 წლის ზაირა დევნოზაშვილი საკუთარ სახლთან 100 მეტრში მეზობლებმა უკვე მკვდარი იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ყაჩაღობას ასახელებენ და მათი თქმით, თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თავდამსხმელი უცო პირი არ უნდა ყოფილიყო.
მათი აზრით, ქალი გაძარცვის მიზნით მოკლეს. მას სახლთან ახლოს მაღაზია ჰქონდა და სწორედ იქიდან წამოსვლისას გზაზე თავს დაესხნენ. სავარაუდოდ, თავდამსხმელმა მას ფული მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლა. დანაშაული საღამოს 8 საათისთვის არის ჩადენილი.
გარდაცვლილი ზაირა დევნოზაშვილის ქმარი რეზო დევნოზაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მას მეზობლებმა დაუძახეს, რომ ზაირა ცუდად იყო და გარეთ გასულიყო. როდესაც ის ადგილზე მივიდა, მან ცოლი ქურთუკის გარეშე სისხლში მწოლიარე ნახა.
ქმარი ამბობს, რომ მას ერთი დღის ნავაჭრი თანხა თან ჰქონდა და სახლში მიჰქონდა. სავარაუდოდ, დამნაშავემ ეს ფაქტი დაინახა და მას უკან გზაზე გაჰყვა. სახლთან ახლოს კი, დაახლოებით 100 მეტრში, დრო იხელთა და მას თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. თანაც ისეთ ადგილას დაესხა თავს, სადაც ლამპიონის განათება არ იყო და სიბნელეში მის დანახვას ვერ შეძლებდნენ.
„ყაჩაღობის მიზნით არის მოკლული. ვიცით ეს პირი, ჩვენი თანასოფლელია. მაშინვე ეჭვი გაჩნდა, რომ ახლოდან იყო ვიღაც, აქ ხომ შორს არავინ მოვიდოდა.
„მეზობლებმა, რომ დამიძახეს, ქურთუკის გარეშე იყო. მაღაზიის კარი დაუკეტია და ერთი დღის ნავაჭრი სახლში მოჰქონდა. სწორედ ამ დროს თავს დაესხა. თავში გამეტებით აქვს ნარტყამი. დიდი არაფერი თანხა არ იქნებოდა, რა ვიცი რა უნდა ყოფილიყო, ამის გამო ქალი მოკლა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის ქმარი.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებული პირის გარდა სხვა პირიც იყო საქმეში ჩართული. მათი თქმით, ქალს სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ და სწორედ იმ ადგილას არის მოკლული, სადაც ნაკლები განათებაა და მათ დანახვას ვერავინ შეძლებდა.
„თავში აქვს ბლაგვი საგანი ნარტყამი. მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ალბათ თავდამსხმელმა უთვალთვალა. დაინახა, რომ სალაროდან ფული აიღო და უკან აჰყვა.
„არ ვიცი, უცხო აქ ვინ უნდა მოსულიყო. მაღაზიაში მისი ქმარი უნდა წასულიყო და ეს საწყალი უკან სახლში ბრუნდებოდა.
„გამორიცხულია, რომ ვინმესთან ოჯახს რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონოდა. საკამოდ კარგი და მშვიდი ხალხია. პირიქით, მთელს სოფელს ნისიად აძლევდნენ თუ რამე დასჭირდებოდა. არ მგონია, რომ მოვალეს ამის გამო ქალი ასე სასტიკად გაემეტებინა. ქურთუკი და მაღაზიის გასაღებიც წაღებული იყო“, - აცხაებს ადგილობრივი მცოხვრები „რეზონანსთან“.
პოლიციამ დმანისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საღამოს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ამავე სოფლის მკვიდრს - 1963 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა. დაშავებული ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.