
მირონის კურთხევა, შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. ეს წესი ძველი აღთქმიდან მოდის, ახალი აღთქმით კი ეს ტრადიცია იესო ქრისტემ მოგვცა. მირონცხების წესს აღასრულებდნენ მოციქულები.
თავდაპირველად მოციქულები მონათვლის დროს თავზე ხელს ადებდნენ და ასე გადმოდიოდა სული წმინდის მადლი ადამიანზე. ახალი აღთქმის ეკლესიებში კი მირონცხების წესს დაემატა სურნელოვანი ზეთები, რომელსაც თავად მოციქულები ამზადებდნენ.
მირონცხების უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს ჰქონდათ. მზადება უნდა დაეწყოთ დიდი მარხვის ბოლო კვირას, ვნების შვიდეულის ორშაბათს. ამ რიტუალს ეკლესიის საჭეთმპყრობელები აღასრულებდნენ.
ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას დიდი გარჯა დასჭირდა, რომ ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უძველესი ანტიოქიის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის მოპოვება და მირონის კურთხევის უფლება მიეღო.
როგორც ქართული წყაროები გვამცნობს, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს (438-481 წ), ქართლის მოქცევიდან 170 წლის თავზე ანტიოქიის საეკლესიო კრებამ პატრიარქ პეტრე ფელონის მეთაურობით ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია დაუმტკიცა. დამოუკიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად ვახტანგ გორგასალმა წარმოშობით კაბადოკიელი პეტრე დაადგინა.
დღემდე კვლევის საგანია, თუ როდის მიიღო ქართულმა ეკლესიამ მირონცხების უფლება. მეცნიერთა აზრით, საქართველომ ეს უფლება მე-9 საუკუნეში მიიღო. ხოლო ძველი ქართული წყაროებით დგინდება, რომ მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების შემდეგ, 451 წელს. ეფრემ მცირე თავის ნაშრომში გადმოგვცემს, რომ მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო მე-5 საუკუნეში, წმინდა ნინოს დროს, ევსტათი ანტიოქიელმა პატრიაქმა დაამყარა ქართული ეკლესია, გადაწყდა, რომ მირონი ქართულ ეკლესიას მიეღო ანტიოქიის საპატრიარქოდან.
მე-5 საუკუნეში მირონს მხოლოდ ანტიოქიის საპატრიარქოში ამზადებდნენ და აკურთხებდნენ. მირონის შესასყიდად ანტიოქიის საპატრიაქო საქართველოსგან ითხოვდა ათასი კომლის გადასახადს.
მცირე ხნის შემდეგ, ანტიოქიამ მირონის შესასყიდად ნაცვდლად ათი კომლის გადასახადისა ათასი დრაჰკანი მოითხოვა, ყოველწლიურად. მალე ანტიოქიამ ბერძენი მეფის შუამავლობით, ქართველთა ათასი დრაჰკანი გადასცა იერუსალიმის საპატრიარქოს.
მირონის შესასყიდად, ახალი წესებით ქართველებს თანხა იერუსალიმისთვის უნდა ეძლიათ. ეფრემ მცირის გადმოცემით, მირონის საქართველოში კურთხევის გზა ასეთი იყო - მე-4 საუკუნეში ანტიოქიიდან ყიდულობდა, მე-5 საუკუნეში მირონის საყიდლად თანხას იერუსალიმს უხდიდა. მე-5 საუკუნის ბოლოს კი 451 წელს ქალკედონის კრების შემდეგ ყველა ეკლესიას, მათ შორის ქართულ ეკლესიას მიეცა ნება ადგილზე მირონის კურთხევისა.
"ქართლის ცხოვრების" მიხედვთი კი საქართველოს ეს უფლება 681 წელს მიუღია, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების ბრძანებით: "იქმენა კრება მეექვსე... ამ კრების ბრძანებით ესრეთ წმიდისა ეკლესია საქართველოსთვის, რომელს არს წმინდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმინდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი და იყოს კათოლიკოსი ქართლისა სწორი პატრიარქთა თანა. ამ კრების მიერ დაგვიმტკიცება პატრიარქისა, ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თავისსა ეკლესიასა". ამ ცნობის თანახმად, მირონის კურთხევის პირველი ცერემონია 681 წელს შესრულდა მცხეთაში.
ხალხური გადმოცემით კი, ძველად საქართველოში მირონი სვეტიცხოვლიდან, ცხოველმყოფელი ხიდან გადმოედინებოდა. ქართველები კი არ ყიდულობდნენ მირონს, ყიდულობდნენ მის შესამზადებლად საჭირო სურნელვან ზეთებს. მირონის მოხარშვა და კურთხევა საქართველოში ხდებოდა.
საქართველოში მირონს ხუთი ნივთიერებისგან ამზადებდნენ, ადამინის ხუთი გრძნობიდან გამომდინარე. ეს რიტუალი ოდითგანვე სრულდებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, ვნების შვიდეულს დიდი ორშაბათს.
სამი დღის განმავლობაში ღვთისმსახურები წმინდა მირონს ამზადებდნენ ოცდაათზე მეტი სურნელოვანი ზეთისგან. ეს წმინდა სითხე ნათლობის და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას გამოიყენებოდა და ასევე მირონცხების საიდუმლო სრულდებოდა მეფეთა კურთხევის დროს. რუსეთის ცარიზმის რეჟიმის დამყარების შემდეგ მირონი საქართველოში აღარ მოხარშულა.
გასული საუკუნეების 90-იან წლებში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დიდი გარჯითა და ძალისხმევით საქართველომ მირონის კურთხევის ნებართვა დაიბრუნა.