ია აბულაშვილი
22.02.2020

სამთავროს დედათა მონასტერი, ეს დიდებული სავანე, მცხეთის შუაგულში მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის განაპირას ყოფილა ქართლის ერისმთავრის სასახლე და ბაღი. აქ სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსული წმინდა ნინო - "ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდეს გარეგან". ამ სამეფო ბაღში მეფე მირიანმა ააგო ეკლესია, რასაც ადასტურებს „წმინდა ნინოს ცხვორებაში" მოყვანილი წერილი "აღვაშენე ეკლესია მაყვლოვანს მას შინაი ნინოსსა". მეფე მირიანს ანდერძით დაუბარებია აქვე დაემარხათ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა სამთავროს ტაძარში განისვენებენ.

სამთავროს დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. პირველ რეგისტრში ჩანს ტახტის ნაწილი, მაცხოვრის ტერფები და ფეხსადგამი, მეორე რეგისტრში - მოციქულები, ასომთავრული წარწერის მიხედვთი - წმინდა პავლე.

დიდი ტაძრის გვერდით დგას მცირე გუმბათოვანი ეკლესია, წმინდა ნინოს სახელობის, სადაც მრავალი სიწმინდეა დავანებული, მათ შორის ძელიცხოვლის წმინდა ნაწილი, ათონიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატი (გადმოცემით, ამ ხატს 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ცრემლი სდენია), წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ხატი 21 წმინდა ნაწილით, 1870 წელს პეტერბურგიდან შემოწირული მეფე გიორგი მე-12-ის შვილიშვილის მიერ. ასევე ასურელი მამის მღვდელმთავრის წმინდა აბიბი ნეკრესელის ნეშტი, შიო მღვიმელის თავის ქალის წმინდა ნაწილი, წმინდა ნინოს საფლავის ქვის ნაწილი ბოდბედან.

სამთავროში თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ დროთა სიავის გამო დაიხურა. მე-19 საუკუნის დასაწყისში დედათა მონასტერი გაიხსნა და ღდემდე არსებობს.

დედათა მონატრის დაარსება ნინო ამლახვარის სახელს უკავშირდება. 1802 წელს თავადის ასული და რამდენიმე განდეგილი დედა ამ ადგილას მისულან, აუგიათ სენაკები და მხოლოდ შემოწირულობით ცხოვრობდნენ. თავიდან 4 დედაო ყოფილა, შემდგომში სხვებიც შემოუერთდნენ. 1827 წელს ნინო ამილახვარის თაოსნობით აღსდგა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1828 წელს კი, 14 იანვარს - წმინდა ნინოს ხსენების დღეს - მის სახელზე ეკურთხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×