თამარ შუკვანი
26.02.2020

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიის და დედა-ენის შემდეგ, ქართულ მრავალხმიანობასა და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)" მიენიჭა, რაც, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ შეიძლება არსებობდეს კითხვები ქართული სუფრისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს: „თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები, მეგობრებო?" - მიმართა მათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცნობას საზოგადოების ნაწილი გავრცელებისთანავე კრიტიკით, ქილიკითა და დაცინვით შეხვდა. ბევრი იხსენებდა ივანიშვილის ბოლო საჯარო გამოსვლას გასული წლის დეკემბერში, სადაც მან სწორედ მრავალხმიანობასა და ქართულ სუფრაზე ბევრი ილაპარაკა. ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ერთგვარი პირმოთნე რეაქციაა ივანიშვილის მაშინდელ განცხადებაზე.

„ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი თავის თამადით ეწოდება..." - განაცხადა ივანიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე.

„სუფრის წესების დარღვევაზე სანქციები იქნება? მაგალითად ყანწი ბოლომდე თუ არ დაცალე, ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალურ კულტურულ ძეგლს - ქართულ სუფრას, შეურაცხყოფ მაგით?" - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.

მთავრობის შესაბამისი დადგენილებები 2020 წლის 18 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

„ქართული სუფრა ეს არის ცნობილი ფენომენი, რის გამოც, მათ შორის 9 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. ესაა ჩვენი კულტურის, ეროვნული ტრადიციის თვითმყოფადობის ნაწილი, ესაა ის, რაც ქართულ ღვინოსთან, პოლიფონიასთან ერთად საქართველოს ხდის ერთ-ერთ მიმზიდველ და უნიკალურ ტურისტულ ბაზრად.

აქედან გამომდინარე მე მხოლოდ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიკვირს, რატომ იწვევს კითხვებს. თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები მეგობრებო? ქართული სუფრა მარტო კერძები არაა, ეს არის ტრადიცია, რომლის გასაცნობადაც მრავალი ადამიანი ჩამოდის საზღვარგარეთიდან," - აღნიშნა ნათია თურავამ.

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 13 მარტის ბრძანების თანახმად მიენიჭა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წელსვე ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 24 იანვარს, ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ჭიდაობის, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს ალავერდის კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც:

„სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს".

ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს განუსაზღვრა.

აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, დედა-ენას, როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×