
რა გახდა თბილისში 18 წლის ახალგაზრდას მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობის მიზეზი, გამოძიება ახლა ამის გარკვევას ცდილობს. ბებიის და დედის ნაჯახით დახოცვაში ბრალდებული 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ის დედის და ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რამაც ამ სასტიკი დანაშაულისკენ უბიძგა. გარდაცვლილები 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი შვილი 45 წლის თამარ ზაუტაშვილი არიან. გამოძიების ინფორმაციით, დედა და შვილი ზაუტაშვილმა მძინარეები საწოლში დახოცა. ამის შემდეგ კი პოლიციაში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქუჩაში დახვდათ და ყვიროდა, რომ დედა და ბებია მან დახოცა.
ბიჭი დიდუბე-ჩუღურეთის მესამე განყოფილებაში უკვე დაკითხეს და მას სახაზინო ადვოკატი იცავს. „რეზონანსის“ ინფორმაციით, მიხეილ ზაუტაშვილმა ბრალი აღიარა და მკვლელობის მიზეზად მასზე როგორც სახლში, ასევე სკოლაში სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგი დაასახელა.
ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ დედასა და ბებიასთან ბრალდებულს კონფლიქტი წელების განმავლობაში ჰქონდა. მას გარდაცვლილები მუდმივად აკონტროლებდნენ და ისე მოქცევას აიძულებდნენ, როგორც მათ სურდათ. ამან კი მოზარდის ფსიქიკა დააზიანა.
„ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბებიასთან და დედასთან კონფლიქტი ჰონდა. მასთან გასაუბრების შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. დედაც და ბებიაც მუდმივად სთხოვდნენ ისე მოქცეულიყო, როგორც მათ სურდათ. ოჯახში მუდმივად კამათი იყო ძალიან წვრილმან საკითხებზეც და ეს მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, პოზიციასაც ვერ დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის 18 წლის, არსად არ მუშაობდა, მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მის მიმართ სკოლაშიც და ოჯახშიც, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა და ბულინგი. ამიტომ ისიც მსხვერპლია," - აცხადებს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ოჯახი 7 წელია რაც ზაზაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. ისინი ერთ-ერთ სახლში იყვნენ შეფარებულები და სახლის პატრონი ქირას არ ახდევინებდა, თავად კი ამერიკაში ცხოვრობს.
ამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ ბიჭს მეზობლები დადებითად ახასიათებენ. მათთვის სრულიად წარმოუდგენელია ამ სასტიკი მკვლელობის უკან რა მიზეზი შეიძლება იყოს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ასე ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ ყვირილის ხმა შემომესმა. აგერ მათი სახლსი წინ ვცხოვრობ და ხმაური მალევე გავიგე. ქუჩაზე მორბოდა და ყვიროდა, რომ დედა და ბებია მოვკალიო. სავარაუდოდ, პოლიციაში თავად უკვე დარეკილი ჰქონდა, რადგანაც მოპირდაპირე მხრიდან პოლიცია უკვე მოდიოდა. ასე ქუჩაში დახვდათ. პოლიცია შევიდა, სასწრაფოც მოვიდა, ჩვენ მეზობლები ახლოს აღარ მიგვიშვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა თქვეს, რომ საწოლში იყო ორივე ქალი ნაჯახით დაჩეხილი. ასე მძინარებს თავს დასხმია. არც ჩხუბი, არც ყვირილი ან გვიშველეთ ან რამე არავის გაუგონია. ეს ოჯახი აქ 7 წელია რაც ცხოვრობს. რადგანაც გაჭირვებულები იყვნენ, სახლის მეპატრონე ქირას არ ახდევინებდათ და უთხრათ იცხოვრეთ სახლს მოუარეთო. არ ვიცი ჭკუა რამ გადაუტრიალა. აგერ ჩვენს თვალწინ გაიზრადა, არანაირი კონფლიქტური ეს ბიჭი არ იყო“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ბრალდებულის მეზობელი ქალბატონი.