ელზა პაპოშვილი
27.02.2020

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“  ყვებიან, რომ სროლას წინ  შელაპარაკება უძღოდა. 28 წლის გიორგი ჯაბნიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მუცელში ჰქონდა მიყენებული, ის ადგილობრივ კლინიკაში ოპერაციისას გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

შემთხვევა დღის 12 საათზე მოხდა და მას თვითმმხილველები ჰყავს. როგორც ისინი ამბობენ, 3-ჯერ გასროლის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებმა კი დაინახეს, რომ ახალგაზრდა  მამაკაცი გარბოდა და მას მეორე პირი იარაღით მოსდევდა.  

ის ცდილობდა, რომ თავდამსხმელს გაქცეოდა, თუმცა, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა კიდევ ერთი გასროლა განახორციელა, რა დროსაც მამაკაცი ადგილზე დაეცა და გაქცევა ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ კი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი პირი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ის  თვითმხილველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასაწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადას აღარ დაელოდნენ. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, სავარაუდოდ, ამის მიზეზი წარსულში დაწყებული ფინანსური დავა უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით გამწვავდა. პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა უკვე დადგენილი აქვს და სამართალდამცველები არჩილ ცეცხლაძეს ეძებენ. 

“ჯერ ჩხუბის ხმა გავიგონეთ,  შემდეგ კი სროლა მოჰყვა. გამოვედი გარეთ და საშინელება დავინახე - ახალაზრდა ბიჭი მორბოდა და მას უკან იარაღით მამაკაცი მოსდევდა. უკვე დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. ერთი ტყვია გზაში კიდევ დაადევნა. ამ ბიჭმა გამოქცევა ვეღარ შეძლო და გზაზე დაეცა. თავდამსხმელი კი გაიქცა. 

“მივცვივდით, მუცელში იყო დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არც დაელოდნენ და ბიჭებმა უცბად მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. გავიგეთ, რომ ოპერაციის დროს დაღუპულა. ძალიან სამწუხრო ამბავია. ასე დღისით-მზისით მკვლეობა და კაცის დევნა ქუჩაში არ გამიგონია. არ ვიცი, რა საშინელება ხდება“,-აცხადებს „რეზონანსთან“ თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×