ელზა პაპოშვილი
28.02.2020

საზარელი მკვლელობა მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში. 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილი პოლიციამ სახლშივე დააკავა. მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ მათ სახლიდან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.  მამაკაცმა ოჯახის წევრები სანადირო თოფით გამთენიისას დახოცა. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში დაიღუპა. ის საავადმყოფომდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანეს, მედიკოსების თქმით, მას გული გაუჩერდა. გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. ამასთანავე, უწყების ცნობით, დაკავებულმა დედის და დის მკვლელობის დროს სანადირო თოფთან ერთად ცივი იარაღი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ როდესაც გოგონა სასწრაფოს მიჰყავდა,  მათ სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობების გარდა დანით მიყენებული ჭრილობები  დაინახეს. 

„მშრომელი ბიჭი იყო და რაიმე განსაკუთრებული აგრესიულობა არასდროს შეგვიმჩნევია. თუმცა ცოტა ჩაკეტილი იყო. მეზობლებთან მაინც და მაინც ღია და გახსნილი ურთიერთობა არ ჰქონია. დედა თბილისში მუშაობდა და ასე ეხმარებოდა ამ ბიჭს და გოგოსაც.  მუშაობით ეს ბიჭი არასად არ მუშაობდა, საქონელს თუ გამოიყვანდა და სამწყემსად მიჰყავდა. რომ ვთქვა, რომ მსმელი იყო და კონფლიქტური, ნამდვილად არა.  სახლიდან ხმაური და ჩხუბიც  არასდროს გაგვიგია“, - აცხადებს ბრალდებულის მეზობელი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული მან დილით ეზოში იარაღით ხელში დაინახა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ საზარელ დანაშაულს ჩაიდენდა. როგორც კი ეზოს გასცდა, ამის შემდეგ რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგონა. თუმცა ყვირილის ან რაიმე კონფლიქტის ხმა არ ყოფილა. ამიტომაც ყურადღება აღარ მიუქცევია. ბრალდებული პოლიციას სახლში დახვდა, თუმცა ოთახში იყო ჩაკეტილი. ამიტომაც მის ასაყვანად სამართალდამცველებმა სახლის კარი შეამტვრიეს. 

„დავინახე დილით თოფით ეზოში დადიოდა. რას ვიფიქრებდი, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩადენას აპირებდა. თავად უთქვამს, და და დედა იმიტომ მოვკალი, რომ ეკონომიური სიდუხჭირის გამო პრობლემები მქონდაო. ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს მკვლელობის მიზეზად. დისთვის ჯერ დანა დაურტყამს და მერე დედაც და ისიც სანადირო თოფით მოუკლავს. მე ის მიკვირს, ასე სწრაფად ორივე როგორ დახოცა, რომ მეზობლებმა ხმაც ვერ გავიგეთ. ეს სასტიკი დანაშაული დილის 7 საათზე მოხდა. როგორ გაიმეტა ასე ორივე ვერც კი წარმომიდგენია“,-აცხადებს მეზობელი. 

მედიკოსები კი ამბობენ, რომ გოგონას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული. განსაკუთრების გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ერთი გამჭოლი ჭრილობა ბეჭში გადიოდა. დამატებით ბეჭში, თირკმელსა და წელის არეში ჰქონდა ჭრილობები. ექიმები ამბობენ, რომ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ერთხელ ესროლეს.  დანარჩენი ყველა მათგანი კი  ბასრი საგნით. მოკლულების ცხედრები ექსპერტიზაზეა  გადასვენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, მან პოლიციას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×