ელზა პაპოშვილი
09.03.2020

 თბილისში, დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში ვანდალური ფაქტი მოხდა. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის მრევლი და მისი წაინამძღვარი დეკანოზ დავით შაქარაშვილი ვარაუდობენ, რომ ტაძარში შეღწევა ორმა პირმა მოახერხა,  ისინი სარკმილად შევიდნენ.

მერველის თქმით, მათ სავარაუდოდ,  ადგილზე კიბე გამოიყენეს, რადგანაც სარკმელში სხვანაირად ასვლა გაუჭირდებოდათ. ის  საკმაოდ მაღალაა განლაგებული. ფაქტი გვიან ღამით მოხდა და ეკლესიაში დილით მისულ წინამძღვარს და მორწმუნეებს ეს შემზარვი ამბავი დახვდათ. დეკანოზი დავით შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალასაც  ავრცელებს. 

მისი თქმით, შემთხვევას  თვითმხილველი არ ჰყავს. ერთ-ერთი მრევლის წევრის თქმით კი, ტაძრიდან ძვირფასი ნივთები და თანხა არ წაუღიათ.  

დეკანოზი დავით შაქარაშვილი  ამბობს, რომ მას მსგავსი ფაქტი 90-წლების შემდეგ არ ახსოვს. 

„ასეთი ვანდალიზმი მართლა დიდი ხანია არ მახსოვს. ფანჯარა დიდი ქვით არის ჩამტვრეული. სიწმინდეები დაბლა ეყარა და დაზიანებული იყო. დასვრილი ზეთებით და წაქცეული იყო სანთლის ასანთები კანდელები. ორი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო მინუმუმ, რადგანაც ამ ფანჯარაში მარტო ერთი ასვლას ვერ შეძლებდა. კიბე აქვთ მოტანილი მიუყუდებიათ და ისე არიან შესულები. მსგავსი ფაქტი იყო 1992 წელს და მას შემდეგ აღარაფერი მომხდარა“, - აცხადებს ტაძრის წინამძღვარი. 

მისივე თქმით, მას დილის ცხრის ნახევარზე დაცვის პოლიციამ დაურეკა და უთხრა, რომ ტაძარი გატეხილია. წინამძღვარი არ გამორიცხავს, რომ ეს ბავშვების გაკეთებული იყოს და ეჭვი ეპარება, რომ სამართალდამცველებმა დამნაშავე პირებს მიაგნოს. მისი აზრით, იმ ფანჯარაში სრულფასოვანი და ზრდასრული ადამიანი ვერ შეეტეოდა.  

ეკლესიის  ერთ-ერთი მრევლი კი არ გამორიცხავს, რომ ბავშვები ტაძარში უბრალოდ თავშესაფრისთვის შეიპარნენ,  რადგანაც არ არის წაღებული არც ფული და არც ხატები. მისი აზრით, როდესაც ეკლესიაში შეჭრის შემდეგ სიგნალიზაცია ჩაირთო, ბავშვები შეშინდნენ და უკან გამოსასვლელად ხატები და საეკლესიო ნივთები გამოიყენეს, რადგანაც ისევ ფანჯრიდან გადმოსვლა მოეხერხებინათ. 

 

„წაღებული არაფერია, ამიტომაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბავშვებმა ეკლესიაში შესვლა ღამის გასათევად სცადეს. უბრალოდ ფანჯრიდან გადაძვრნენ, ხოლო როდესაც ეკლესიაში სიგნალიზაცია ჩაირთო, უკან გადმოსასვლელად საეკლესიო ნივთები გამოიყენეს და ერთმანეთზე დაალაგეს, რომ ფანჯრამდე ისევ ასულიყვნენ. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩება რაც ვნახე. ადგილზე პოლიცია იყო მოსული და დაკითხეს, როგორც მრევლი, ასევე სასულიერო პირებიც“, - აცხადებს ტაძრის ერთ-ერთი  მრევლი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×