
ქართული ხურთომძღვრების უნიკალური ძეგლი, საფარის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ღრელთან. ერთ დროს ეს ადგილი სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია იყო. მონასტრის თავზე ახლაც შემორჩენილია ციხესიმაგრის ნანგრევები. მონასტერი მთაზეა გაშენებული და სხვადსხვა ეპოქის 9 დიდ და მცირე ეკლესიას მოიცავს.
აყველაზე ძველი, მიძინების ეკლესია მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარი ბექა ჯაყელის შვილების ბრძანებით მოუხატავთ, მე-14 საუკუნეში. მიძინების ეკლესიის ერთ-ერთი სამკაული მისი კანკელია, რომელიც მე-11 საუკუნეს მიეკუთვნება. ის მწვანე ფერისაა და გაკეთებულია რბილი ქვისგან. მასზე გამოქანდაკებულია საღვთო წერილის კომპოზიცია, ხარება, მირქმა, ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა. ეს უნიკალური კანკელი დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.
წმინდა საბას ეკლესია მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისში აშენდა. ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ფარესაძეს, რომლის სახელიც დატანებულია ტაძრის კარიბჭის სამრეკლოს წარწერაში. წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლეში კი არის წარწერა, რომ ეს "მცირედი ეგოტერი" აუგია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშთუენის ძეს საფარაში დამკვიდრებული "წმინდა მამათათვის".
საფარის მონასტერში სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები და მწიგნობრები - კათოლიკოსი არსენი, ივანე და გაბრიელ საფარელები, იოანე მტბევარი-საფარელი, ცნობილი კალიგრაფი სვიმონ კარგარეთელი. გადამწერი მიტროფანე საფარელი.
ლეგენდის თანახმად, საფარაში ორი ძმა ცხოვრობდა, რომლებსაც დაუწყიათ ტაძრის აგება. უფროსი ძმა ოსტატი იყო, ის აშენებდა ტაძარს, მეორე ძმა კი შეგირდი იყო - ქვებს თლიდა და ძმას უგზავნიდა. ძმებს ჰყავდათ ერთი ხარი "ინდუშა". ეს ხარი ზიდავდა ქვებს მონასტრის ასაშენებლად. ხარს გაყოლა არ სჭირდებოდა, თავისით მიდი-მოდიოდა. ერთხელ გზაზე დათვი გადაეყარა და "ინდუშას" ცალი მხარი მოაჭამა. ამ დროს ხარს ქვა დავარდნია, ამის შემდეგ ამ ქვას "ინდუშას ქვა" ეწოდა. ამბობენ, ქვა ამოჭრილია და საცეცხლური აქვსო. საფარის ეკლესიის კარის ზემო კედელში დატანებულია ქვა, რომელზედაც ხარის სახეა გამოსახული, მეორე მხარეს კი დათვი.
ეკლესიის მშენებლობის დასრულებას ერთი ქვაღა აკლდა, უფროსმა ძმამ გადაწყვიტა ძმის გამოცდა და უმცროს ძმას შეუთვალა მეტი ქვა აღარ მჭირდებაო. უმცროსი ძმის პასუხი კი იყო, ეკლესიის აშენებას კიდევ ერთი ქვა აკლია, გამოგიგზავნი და მოთავდებაო. უფროს ძმა განცვიფრდა მისი გამჭრიახობით, იფიქრა, შეგირდი რომ ასეთია, ოსტატი რომ გახდება ჩემს ადგილს დაიკავებსო და ძმას შეუთვალა, ის ერთი ქვა შენ თვითონ ჩააჭედე ეკლესიის სახურავზეო. მართლაც ავიდა უმცროსი ძმა ეკლესიის სახურავზე, ამ დროს უფროსმა ძამამ კიბე გამოაცალა, თვითონ წავიდა და დაიმალა. რა უნდა ექნა ეკლესიის ზევით დარჩენილ უმცროს ძმას, ხელები გაშალა და საფარის მონასტრიდან კლდეში გადაეშვა.