
კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე, სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობების, დამცავი საშუალებებისა და მედიკამენტების მიღების მცდელობები პრაქტიკულად უკვე დაემსგავსა „მეკობრეობას", რომელიც ზოგჯერ უკვე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც კი ხორციელდება. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს ერთმანეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომი აქვთ გაჩაღებული დამცავი პირბადეებისა თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატებისათვის.
მსოფლიო მედია ბოლო დღეებში მომხდარი მსგავსი ინციდენტების შესახებ წერს. ამ ომში გამოყენებული „საბრძოლო ტაქტიკა" კი საკმაოდ მრავალფეროვანია - სხვა სახელმწიფოს კუთვნილი პირბადეების მითვისებით დაწყებული და სპეცსამსახურების მიერ კორონავირუსის ტესტების შესაძენად საიდუმლო სპეცოპერაციის ჩატარებით დამთავრებული.
ბრიტანული „ინდეპენდენტი" ორ ფრანგ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელმა მყიდველებმა ჩინეთში საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონისთვის შეძენილი სამედიცინო პირბადეები დაისაკუთრეს. როდესაც ტვირთი უკვე თვითმფრინავში იყო და თვითმფრინავი კი შანხაის აეროპორტიდან აფრენას აპირებდა, მოულოდნელად გამოჩნდა რამდენიმე ამერიკელი, რომლებმაც პირბადეებში ჩინელ მომწოდებლებს სამჯერ მეტი თანხა შესთავაზეს, ვიდრე ფრანგებს ჰქონდათ გადახდილი, თანაც ნაღდი ფულით და ადგილზევე გადახდით.
საბოლოოდ პირბადეები ამერიკელებს დარჩათ. აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი მოგვიანებით „ფრანს პრესთან" ამ ინციდენტთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ეს ტვირთი აშშ-ის მთავრობას არ შეუძენია.
მსგავსი პრეტენზია ამერიკელებთან ბრაზილიასაც აქვს. როგორც ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა აცხადებს, მის ქვეყანას ჰქონდა წინასწარი შეთანხმება ჩინეთთან სამედიცინო ნიღბებისა და ხელთათმანების შეძენაზე, რომელიც ბოლო წამს გაუქმდა და ეს საქონელიც ამერიკელებმა იყიდეს.
„აშშ-მა თავისი შენაძენის ჩამოსატანად ჩინეთში თავისი 23 ყველზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი გაგზავნა. ბევრი ჩვენი წინასწარი შეთანხმება შენაძენზე, რაც განკუთვნილი იყო ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის, ჩაშლილია. მთელს მსოფლიოს უნდა ამის შეძენა და სახეზე გვაქვს ჰიპერ-მოთხოვნა" - განაცხადა ბრაზილიელმა მინისტრმა.
თურქეთი ამ მხრივ კიდევ უფრო შორს წავიდა - იგი არა მხოლოდ სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის ექსპორტს კრძალავს, არამედ სხვადასხვა ქვეყნების მიერ თურქეთში უკვე შეძენილ სამედიცინო ნიღბებს არ აგზავნის დანიშნულების მიხედვით. ბელგიური გამოცემა „ლე სუარი" და იტალიური „კორიერე დელა სერა" წერენ, რომ ბელგია და ესპანეთი დღემდე უშედეგოდ ელიან თურქეთში ნაყიდ პირბადეებს. იგივე პრობლემა ჰქონდა იტალიასაც, თუმცა იტალიის პრემიერ ჯუზეპე კონტესა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა.
თურქეთმა ადგილობრივ სამედიცინო აღჭურვილობის მეწარმეებს ექსპორტი აუკრძალა და დაავალა, რომ პროდუქტს მხოლოდ ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის აწარმოებენ.
გასულ დღეებში დაფიქსირდა სამედიცინო ნიღბების დიდი პარტიის პირდაპირ მითვისების ფაქტიც. მაგალითად, იტალიისათვის განკუთვნილ ტვირთს, რომელიც ევროპაში ჩეხეთის გავლით მიდიოდა, ჩეხეთის ხელისუფლება დაეპატრონა.
მსგავსი ინციდენტი კენიაშიც მოხდა იმ განსხვავებით, რომ ტვირთი, რომელიც გერმანიაში იგზავნებოდა და 6 მილიონამდე სამედიცინო ნიღაბს შეიცავდა, უბრალოდ გაუჩინარდა და მის კვალს ვერსად მიაგნეს.
სამედიცინო ნიღბების გარდა, სმგავსი ინციდენტები კონკრეტული სამედიცინო პრეპარატების გამოც ხდება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჰიდროქსიქლოროქინი ეფექტურია, ინდოეთმა პრეპარატის ექსპორტი ყველა ქვეყანაში შეაჩერა.
საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელში, სადაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტო „მოსადმა" რამდენიმე საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა საზღვარგარეთ კორონავირუსის ტესტების შესაძენად და ქვეყანაში ჩასატანად. ეს ინფორმაცია სხვადასხვა ებრაულ მედიასაშუალებას დაუდასტურეს როგორც სამედიცინო სფეროსთან, ისე დაზვერვასთან დაკავშირებულმა წყაროებმა. ამ შესყიდვების საიდუმლოდ შენახვას კი თავისი მიზეზი აქვს - ამ წყაროების ცნობით, ხსენებული ტესტები ისრაელმა მისდამი მტრულად განწყობილი ერთ-ერთი სახელმწიფოსგან შეიძინა და მიმწოდებელ ქვეყანას არ სურდა ამ გარიგების აფიშირება.