ელზა პაპოშვილი
20.04.2020

საზარელი მკვლელობა ვაჟაზე - აღდგომის ღამეს მოქეიფე პოლიციელის ნასროლ ტყვიას 50 წლის თამარ ანთელავა შეეწირა. გამოძიების ინფორმაციით,  ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელმა სოსო გაბრიაძემ,  ქეიფის დროს, აივნიდან უმისამართოდ გაისროლა, რასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

სახლში მყოფ ქალს, რომელიც  დივანზე იჯდა და მოხუც დედასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, ნასვამი პოლიციელის ნასროლი ტყვია კეფაში მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.მოკლული ქალი  თამარ ანთელავა მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. 

„რეზონანსმა“ აღდგომის ღამის ტრაგიკული  ამბის დეტალები გაარკვია. როგორც გამომცემლობას მოკლული ქალს მეზობლები უყვებიან,  პოლიციელი სოსო გაბრიაძე  ნუცუბიძის 26 ნომერში ცხოვრობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სახლში აღდგომას მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა.  

მან მე-7 სართულის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. „რეზონანსს“ მოკლული ქალის მეზობლები უყვებიან, რომ მათ გასროლის ხმა საღამოს ცხრის ნახევრისთვის გაიგეს. პირველად ოთხი გასროლის ხმა იყო, ცოტახნის შემდეგ კი კიდევ ოთხჯერ გაისროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან სროლის ეს პირველი შემთხვევა არ არის და არაერთხელ უსვრია.  

მათივე ინფორმაციით, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები თამარ ანთელავა დედასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. სხალში ასევე მისი შვილი და ქმარი იმყოფებოდნენ. როგორც მეზობლები ამბობენ, მოხუც დედას თითქოს თეფში გატყდა, ასეთი ხმა შემოესმა, უკან მიიხედა და შვილს ჰკითხა რა მოხდა, თუმცა მან დედას კითხვაზე არ უპასუხა. 

მოხუცმა ყვირილი დაიწყო და ოთახში შესულ ქმარ-შვილს მძიმე სურათი დახვდათ. ტახზე მჯდომ ქალს კეფაში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ის მათ ძახილზე არ რეაგირებდა. სასწრაფო დახმარება ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა 50 წლის ქალი საავადმყოფოში გადაყვანის დროს სასწრაფოს ავტომობილში დაიღუპა. 

„ასე, ცხრის ნახევარი იქნებოდა, როცა სროლის ხმა გავიგონეთ. მოპირდაპირე კორპუსიის ავნიდან ისროდნენ. შემდეგ კაცის ყვრილის ხმა გავიგონეთ და რამდენიმე წუთში სასწრაფო მაქნანის და პატრულის ხმაც მოგვესმა. 

“წამში ეზო პოლიციის თანამშრომლებით გაივსო. გარეთ გამოვედით და გავიგეთ, რომ ჩვენს მეზობელს ბრმა ტყვია მოხვედრილა. საწყალი ქალი ტახტზე მჯდარა. დედასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. 

“დედას გაუგონია, რომ თითქოს თეფში გატყდაო, როცა ფანჯრის მინა ტყვიამ გატეხა. მოუხედია შვილისთვის და უკითხავს, რისი ხმა იყოვო. ქლს პასუხი არ გაუცია. ამის შემდეგ დედამ ყვირილი დაიწყო და ოთახში გარდაცვლილის შვილი და ქმარი შევარდნილან. 

“საზარელი სურათი დახვდათ, ქალს კეფაში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ეს ამ პოლიციელის მხრიდან იარაღის სროლის  პირველი ფაქტი არ არის. ახალი წლისთვისაც ისროლა და მეზობლის კედელს მოხვდა“ - ყვება მოკლული ქალის ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.  

გამოძიების ინფორმაციით კი სროლა  მაკაროვის სისტემიდან მოხდა, თუმცა, პოლიციელის აივნიდან მოკლული ქალის ოთახამდე მანძილი 600 მეტრია, ხოლო მაკაროვის სისტემის იარაღს ზიანის მიყენება 400 მეტრზე შეუძლია. ამიტომ ჩნდება კითხვა, მაშ როგორ მიაღწია ტყვიამ თამარ ანთელავამდე? 

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ სროლა,  სავარაუდოდ, ავტომატიდან უნდა მომხდარიყო. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ პოლიციელი არა მაკაროვის სისტემის იარაღიდან, არამედ  ავტომატიდან ისროდა. 

თუმცა, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, მათ შორის, მაგალითად, შინაპატიმრობას, პირობით მსჯავრს - ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.  

იურისტების თქმით, მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო, საკმაოდ მსუბუქია და პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის. ამიტომ  მისი გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს. 

ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×