თამთა ჩაჩანიძე
21.04.2020

კოვიდ-19 ინფექცია შესაძლოა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს, რაც კორონავირუსის კონკრეტულ შტამზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ინფექციას იწვევს - შესაბამისი დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა დადეს. მათი თქმით, არსებობს კორონავირუსის არგესიული და ნაკლებად აგრესიული შტამები და მათ შორის განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ჟეძიანის კვლევითი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კორონავირუსული ინფექციის გამომწვევი პათოგენის 11 სხვადასხვა შტამი გააანალიზეს, რომელიც ქალაქ ხანჯოუში მყოფი ინფიცირებულებისაგან იყო აღებული. მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ რა სისწრაფით აღწევდნენ პათოგენის სხვადასხვა შტამები ადამიანის უჯრედში და ასევე რა სისწრაფით ხდებოდა ამის შედეგად უჯრედის განადგურება.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კორონავირუსის სხვადასხვა შტამები, რომლებიც ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე აგრესიული ის სახეობებია, რომელიც ესპანეთსა და იტალიაშია გავრცელებული, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიური იმ მუტაციების მსგავსია რომელიც აშშ-ში, მაგალითად, ვაშინგტონშია გავრცელებული.

სამეცნიერო შრომის ავტორები ამბობენ, რომ მათ პირველად შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ კოვიდ-19 ის პათოგენეზი შესაძლებელია კორონავირუსის კონკრეტული შტამების აგრესიულობის მიხედვით განისაზღვროს.

გარდა ამისა, ყველაზე სუსტ და ყველაზე ძლიერ შტამებს შორის განსხვავება ძალიან დიდია - მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ წარმოქმნილი ე.წ. ვირუსული დატვირთვა ერთმანეთისაგან 270-ჯერ განსხვავდება.

ამასთან, ყველაზე სუსტ შტამსაც კი შეუძლია მძიმე გართულებები გამოიწვიოს, ლეტალური შედეგების ჩათვლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×