
გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი, ბონის საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ვირუსოლოგიისა და შიდსის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირების გზები გამოიკვლიეს და ყველაზე მაღალი რისკის მქონე სიტუაციას მიაგნეს. ამის შესახებ ამავე ინსტიტუტის დირექტორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჰენდრიკ სტრიკმა ერთ-ერთ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კვლევის შედეგად გერმანელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფიცირების რისკი უსულო საგნებთან კონტაქტის შემდეგ ძალიან მცირეა, რადგან მათ სხვადასხვა საგნის ზედაპირებზე ცოცხალი ვირუსის ნიშნები ვერ იპოვეს.
„როდესაც კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან და ტუალეტებიდან ვირუსის ნიმუშები ავიღეთ, შეუძლებელი იყო ლაბორატორიაში ნიმუშებიდან ვირუსის კულტივირება", - განაცხადა ჰენდრიკ სტრიკმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ, სინამდვილეში, ვირუსით დაინფიცირება მოხდეს, საჭიროა, ვინმემ საკუთარ ხელში ჩაახველოს, შემდეგ დაუყოვნებლივ მოჰკიდოს ხელი კარის სახელურს, ამის შემდეგ კი სხვა ადამიანმა იმავე სახელურს მაშინვე მოჰკიდოს ხელი და საკუთარ სახეს შეეხოს.
როგორც გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, კორონავირუსის სერიოზული გავრცელების ნიშნები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებში ადამიანების ჯგუფების გახანგრძლივებული და მჭიდრო კონტაქტის შემდეგ გამოვლინდა. ეს ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ გადაცემის სავარაუდო გზა ინფიცირებულ პირებთან უშუალო მჭიდრო კონტაქტია, რა დროსაც ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის აირწვეთოვანი გადაცემა ხდება.
გერმანულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომელიც ამ კვლევის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. მაგალითად მოყვანილია ბერლინის „შარიტეს" საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორის, ქრისტიან დროსტენის განცახდება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი მშრალი ზედაპირებისკენაა მიდრეკილი და ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაეცემა.