
კორონავიუსმა ეკონომიკის თვალსაზრისით საფრთხის წინაშე ყველზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები დააყენა, რომლებსაც ანალიტიკოსების აზრით, ალტერნატიული სფეროების შექმნა მოუწევთ, რადგან ქვეყნის არსებობა ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე ჩამოკიდება არ შეიძლება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ზაფხულში ფრანგებს საერთაშორისო მოგზაურობა შეზღუდული ექნებათ. ლიმიტირებული იქნება მოგზაურობა ევროპის ქვეყნებშიც, მისი თქმით, მოგზაურობაზე შეზღუდვა, მიზნად ვირუსის გავრცელების შეკავებას ისახავს და მისი შემსუბუქების შესახებ ფიქრი შესაძლოა მხოლოდ ივნისში დაიწყოს.
"ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, შევძლებთ თუ არა გვქონდეს ზაფხულის არდადეგები" - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები პოსტპანდემიის პერიოდში ეცდებიან, რომ ალტერნატიული გზები მოძებნონ და მიყენებული ზარალი აინაზღაურონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები ცდილობენ, რომ ლიბერალური პოლიტიკა აწარმოონ, სხვადასხვა არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ იმისთვის, რომ ტურისტებისთვის სეზონი გახსნან, მაგრამ, ფაქტია, რომ მათ სერიოზული გამოწვევა ექნებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ცნობილ ტურისტულ ქვეყნებში საფრანგეთი, იტალია, პანდემია დღესაც არაა ჩამცხრალი და ბუნებრივია, რომ ეს ხელს სერიოზულად შეუშლის და რაც მთავარია სერიოზული ეკონომიკური ზარალი ექნებათ.
„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ტურიზმი როგორც ბიზნესი და ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფაქტიურად ჩავარდება, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები კი ეცდებიან, რომ ეს თანხა სხვა სფეროებიდან ამოქაჩონ. ბოლომდე რა თქმა უნდა ვერ აანაზღაურებენ, მაგრამ ეცდებიან, რომ რაღაც ალტერნატიული გზები გამონახონ და ზარალი აანაზღაურონ.
„რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმზე ზედმეტად იყო დამოკიდებული, ბუნებრივია რომ რაც არ უნდა ლიბერალური პოლიტიკა გავატაროთ, ჩვენთან ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ და თუ გადავხედავთ რა ეპიდსიტუაციაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ეს ფაქტი ქართულ ტურიზმს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს.
"ჩვენ რაც არ უნდა გავხსნათ სეზონი, თუ ჩვენს სამეზობლოში მდგომარეობა არ გამოსწორდა, ვერ გაამართლებს და რისკების წინაშე დადგება ეს სფერო საქართველოში. ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რასაც როგორც პლიუსები აქვს, ასევე სერიოზული მინუსები" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, გარდა ტურიზმის სფეროს შენელებისა ასევე შემცირდება ფულადი გზავნილებიც. „ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის, ამიერიდან საჭიროა ალტერნატიული სფეროების განვითარება, მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულება კი არა, არამედ საჭიროა ქვეყანაში წარმოების ჩამოყალიბება, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, არ შეიძლება, რომ ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე იყო ჩამოკიდებული.
„გარდა ტურიზმისა, ასევე გზავნილებიც შემცირდება, ამიტომ, ქვეყანამ ალტერნატიული გზების განვითარებაზე უნდა იფიქროს, რომელიც როგორც ვიცი ამაზე მთელს მსოფლიოში ფიქრი უკვე დაწყებულია და მათ შორის საქართველოშიც ამაზე უკვე ფიქრობენ" - განაცხადა კაკაჩიამ.