
ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-9-მე-10 საუკუნეებით თარიღდება, მდებარეობს სოფელ ნუნისში, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლებით. ადგილობრივი მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს ამ წყლით მკურნალობდა და სოფლის დასახელებაც ამას უკავშირდება.
ამ ადგილას ეკლესიის აგება კი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, დავით აღმაშენებელს ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ, ჯართან ერთად ამ ადგილას გაუვლია. საპალნით დატვირთული, დაღლილი სახედრები, რომლებსაც ზურგი მთლიანად გადატყავებული ჰქონიათ, წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ ამოჰყავდათ. როცა კარგად დააკვირდნენ, ნახეს, რომ წყალს სახედრების დაწყლულებული ზურგი განუკურნავს. ამ სასწაულის მნახველ დავით აღმაშენებელს ამ ადგილას ეკლესიის აგება უბრძანებია და დიდი შესაწირიც გაუღია.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აქ ლამაზი ეკლესია აუგიათ, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა იყო, კლდის, შირიმის ქვისა და კირისგან ნაშენი. სამხრეთით ჰქონდა კარიბჭე. ეკლესიის გარეთ ორი აკლდამა ყოფილა, რომლებსაც ადგილობრივები „ეკვიტერს“ უწოდებდნენ.
ლეგენდის თანახმად, ნუნისის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყეში ყოფილა ადგილი, რომელსაც „ბერების კლდეს“ ეძახდნენ. კლდეში გამოკვეთილი ყოფილა სამი გვირაბი. ნუნისის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ბერები ამ საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდნენ „ბერების კლდეს“.
ნუნისის ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა, ბოლოს - ომარ ხანის შემოსევის დროს, 1785 წელს. ეკლესია განაახლეს 1900 წელს.