ია აბულაშვილი
27.05.2020

რაჭაში სოფელ მრავალძალთან, ჭოლევის კლდესთან, "ჭიქის ტბის" ზემოთ ოდითგანვე იგდა ტაძარი, რომლის აგებაც ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება 1010 წელს და თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის იყო. მე-11 საუკუნის ქართული ხურთომოძვრების ეს უნიკალური ძეგლი გამირჩეოდა იშვიათი ფრესკებითა და ბარელიეფებით. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს გამოსახული იყო წმინდა მეომართა რელიეფები, მარჯვნივ წმინდა გიორგი, მარცხნივ კი წმინდა თევდორე,რომელიც გველეშაპს განგმირავს. ორივეს ზეაღმართული აქვს ხელები, ცალ ხელში უპყრიათ ჯვარი დაგვირგვინებლი შუბით. თავზე ადგათ შარავანდედი, წმინდა გიორგის თავზე გამოსახულია ასევე "ჯვარცმა", მაცხოვრის დიდი ზომის ფიგურა, რომლის ორივე მხარეს, ღვთისმშობლი და იოანე ღმრთისმეტყველია გამოსახული, ორი მფრინავი ანგელოზით. ჯვარცმის კომპოზიციის ქვემოთ გამოსახულია ადამის დიდი ზომის თავი, რომელსაც თავზე პალმის ორი დიდი ფოთოლი აქვს გადმოხრილი. ტაძრის კონქოში გამოსახული იყო ვედრების სცენა, ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი, მარცხენა მუხლზე გაშლილი სახარებით. მის მარჯვნივ გამოსახული იყო ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი.

"მრავალძალის" წმინდა გიორგის ეკლესიაში იშვიათი ისტორიული თუ საეკლესიო ნივთი ინახებოდა. 1934 წელს ტაძარი გაძარცვეს და ვერცხლეულთან ერთად ეს ნივთებიც გაიტაცეს. გადარჩენილა მხოლოდ ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ-აბასის ხმალი, რომელიც მოჭედილი იყო ოქროთი და შემკული ერთი დიდი, 31 საშუალო და 14 მომცრო ძვირფასი თვლებით.

ჯალალ-ედ-დინის მუზარადის შესახებ ცნობას გვაწვდის "ამირეჯიბთა გვაროვნობის სიგელი", საიდანაც ირკვევა, რომ ხვარზმის სულთანი იმერთის საზღვარზე სასტიკად დაუმარცხებია რუსუდან მეფეს და მის ჯარს. ეს თაჯი, ანუ რკინის საომარი ქუდი ნიშნად მტერზე გამარჯვებისა, შეუწირავთ "მრავალძალის" მონასტრისთვის.

შაჰ-აბასის ხმალის შესახებ კი საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში "აღწერაი სამეფოსა საქართველოსა". "ამავ ბარის წყლის ზევით არის მთაში მრავალძალის ეკლესია წმინდა გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროსი, სასწაულმოქმედი, ამას შესწირა შააბაზ პირველმა ხმალი ოქროთი მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არა თუ სარწმუნოებით, არამედ სცნან რამეთუ ხმალი მის ჰკიდეს მუნ". ანუ ვახუშტის ცნობით, მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის საკუთარი ხმალი თავად შეუწირავს ქართველთა დაუძინებელ მტერს შაჰ-აბას პირველს, რათა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ.

ტაძრის კარიპჭის თავზე გამოსახულია ხარის და ძროხის თავები. ლეგენდის თანახმად, თამარის მეფობის შემდეგ ოსმალოს ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, ამ ადგილას მეომრებს გზა აბნევითათ, ერთბაშად დაბნელებულია არემარე. ხეტიალში მიუახლოვდნენ ჭოლევის კლდეს, საიდანაც რამდენიმე ჯარისკაცი გადავარდა. მეომრებმა აღარ იცოდნენ საით გაქცეცლიყვნენ. დაუნახავთ ეკლესია, დაიწყეს ლოცვა დაგვიხსენი ამ განსაცდელისგან და აღთქმას დავდებთ, რომ სადამდისაც შენი ზარის ხმა მიაღწევს იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო. ამ ლოცვის შემდეგ არემარეს დღის სინათლე მოეფინა. მივიდნენ ეკლესიასთან და ორი-დღე ღამე გაათენეს. წმინდა გიორგის შესთხოვეს, რომ კიდევ ერთი სასწაული ჰქენ, ამ ადგილას ის ფური და ხარი მოიყვანე, რომელიც ზღვის პირას დავტოვეთო. უფლის ძალით ორივე ეკლესიასთან გაჩნდა, მაგრამ მისი მოკვლა არავის შეეძლო, თავად დანებებიან ჯარისკაცებს. მეომრებმა მათი რქებისგან ყანწები გააკეთეს, ვერცხლით მოჭედეს და ეკლესიას შესწირეს. ყანწები ფერით წითელის სისხლივით იყო და ბევრს არ სჯეროდა, რომ ბუნებით იყო წითელი. როცა ამ ყანწით ღვინოს სვამდნენ ფეხზე დგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და სამაჯერ ემთხვეოდნენ. ამ რიტუალის გარეშე ყანწიდან ღვინო არ გადმოდიოდა. ეს ყანწები თავის თვალით უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს 1920 წელს "მრავალძალის" ეკლესიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×