ია აბულაშვილი
29.05.2020

ჯუმათის მონასტერი, რომელიც ოზურგეთში, სოფელ ძირიჯუმათში, სერზე მდებარეობს, მთელი კოლხეთის დაბლობს და პალიასტომის ტბას გადაჰყურებს. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარნაგელოზების სახელზეა აგებული, თუმცა ზუსტი ცნობები როდის აიგო ეს ეკლესია, უცნობია. მონასტერში დღესაც შემორჩენილია მე-14 საუკუნის ფრესკები.

ლეგენდის თანახმად, ჯუმათში ეკლესიის აშენება უკავშირდება პალიასტომის ტბის ისტორიას. ანუ წარღვნის შედეგად "პავლიას ტომის" ტბაში ჩაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ბერი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ ამ ხატის სახელზე ეკლესია ააშენა.

პირველ ცნობას, ჯუმათის ეკლესიის შესახებ გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი "საჯავახოს მთიდამ დასავლითად, და სადაცა დასწყდების მთა ესე, არს ამ მთის მაღალსა თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათის, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა".

მონასტერი იყო საგანმანათლებლო კერა, მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს უმოგზავრია ტაო-კლარჯეთში და იქიდან ჯუმათში გადმოუტანია ხუთი ძველი ხელნაწერი, სახარება-ადიშის ოთხთავი, უდაბნოს მრავალთავი, ხელთ-კანონი და კითხვა- მიგება. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

სიძველეთაგანაც გამორჩეული იყო ეს მონასტერი, სადაც დაცული იყო ძვირფასი ბარძიმი, ფეხშუმი, საცეცხლური. საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათოვანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახლნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისთვის გიორგი გურიელს და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

კომუნისტების დროს მონატსრის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი, ქვემეხებიდან გასრლით დაინგრა მონასტრის უნიკალური სამრეკლოს ზარი, რომელიც განთქმული იყო თავისი ჯღერადობით, ზარის ხმა ისმოდა ზუგდიდში და ქუთაისში.

ჯუმათის ეკლესიაში დაცული იყო უძვირფასესი ხატები, მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, ვერცხლის კუბოთი. მთავრანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედში 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარნაგელოზების მოღვაწეობის სცენებით. მაცხოვრის მოოქროვილი ვერცხლის ხატი და სხვა უნიკალური ხატები. 1905 წელს მონასტერი გაქურდეს. მოიპარეს ძვირფასი ქვები და ხატები, სულ 40 000 მანეთის ღირებულების. 1921 წელს გაიტაცეს და თბილისი ბაზრობაზე ნაწილ-ნაწილ გაყიდეს წმინდა გიორგის ხატი. ასევე დაკარგულია ღვთისმშობლის ხატიდან 18 გირვანქა ვერცხლი. 1924 წლისთვის ჯუმათის ეკლესიაში სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი.

ჯუმათის მონასტერის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ უცხოელი მოგზაურები და მეცნიერები. მონასტრის შესახებ ცნობები დაცულია იოჰან გიულდენშტედტის, ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის ნაშრომებში. 1877-77 წლებში მონასტერი მოინახულა და ფოტოზე აღბეჭდა ცნობილმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა. წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ერმაკოვმა ფოტოზე აღბეჭდა, დაკარგულია, ჩვენამდე მხოლოდ ფოტომ მოაღწია. ხატზე გამოსახული იყო წმინდანი სრული სხეულით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×