
„აშურიანის ზევით არს უფლისციხე, კუერნაქის გადმოკიდებულის კლდის გორასა ზედა. მტკუარის კიდესა - შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი, პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე. დასავლეთით აქუს ქარაფი მაღალი. მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალნი აწ შეუვალი“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი კლდეში ნაკვეთ ქალაქს - უფლისციხეს, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად მე-6 საუკუნეში იხსენიება.
ლეგენდის თანახმად, უფლისციხე მონებს აუშენებიათ. მონას ისეთ წერაქვს აძლევდნენ, რომლის ერით მხარეც რკინით იყო დაფარული და მეორე - ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ ლითონი სულ გაეცვითა, ჯილდოდ კი წერაქვის ოქროს ნახევარს მიიღებდა.
კლდეში ნაკვეთ კომპლექსში რამდენიმე ეკლესია იყო, მათ შორის ყველაზე ადრეული სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც კლდეზე საძირკვლის გარეშე ააგეს. მის ასაშენებლად კი კვერცხის გული გამოუყენებიათ კედელბის სიმყარისთვის. ამბობენ, ამიტომაც არ დაინგა ეს ეკლესია 1920 წლის მიწისძვრის დროს, მაშინ, როცა მთელი გორი დაინგრაო.
ტაძარი მოხატული იყო მე-10 საუკუნის ფრესკებით, რომელებიც მე-19 საუკუნეში რუსმა ეგზარქოსებმა თეთრად გადაღებეს. ეკლესიის გარეთ იდგა შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი დაიბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ. 16 წლის რომ გახდებოდა ამ ქვევრს ეკლესიაში წაიღებდნენ და იქვე ტოვებდნენ.
„უფლისწულის“ ეკლესია მე-9-10 საუკუნით თარიღდება. ეკლესიაზე გამოსახული იყო ჯვარი, რომელიც მწვანე და ფირუზისფრად იყო მოჭიქული. გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია; საეკლესიო ძეგლთა ნუსხაში იგი იხსენიება, როგორც კლედში გამოკვეთილი. მასთან მისასვლელი საფეხურები კი კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელის თავზე პატარა სამრეკლოა ნალის გამოსახულებიანი აფსიდით.
თქმულების თანახმად, უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში გარშემო სოფლებიდან უშვილო ქალები ამოდიოდნენ ღამის გასათევად. აუცილებლად ამ ეკლესიაში უნდა დაეძინათ იმ რწმენით, რომ ბავშვი ჩაესახებოდათ, როგორც წმინდა მარიამს სულიწმინდის საშუალებით იესო ჩაესახა.