ია აბულაშვილი
03.06.2020

მოწამეთას სამონატსრო კომპლექსი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, ქუთაისიდან 6 კილომეტრში, სოფელ მოწამეთას ახლოს მდებარეობს. მონასტერი გალავნით არის შემორტყმული და დგას კლდოვან-ტყიან მთაზე. აქ ადრე ციხე-ქალაქი ყოფილა, სადაც იდგა ხარების ეკლესია, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუმ დაანგრია. მოწამეთას მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. ძმებმა მურვან ყრუს ლაშქარს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მოწამებრივად აღესრულნენ. დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს ხარების დანგრეული ეკლესიის აკლდამაში. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხემ აქ მონასტერი ააგო და წმინდანები გადმოასვენა. ამ ადგილს კი მოწამეთა ეწოდა.

არგვეთის მთავარების საოცარ თავდადებაზე მოგვითხრობს უცნობი ავტორი "დავით და კონსტანტინეს მარტვილობაში". ლეგენდის თანახმად, ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნეობის შეცვლაზე უარი უთხრეს. სარდალის ბრძანებით ისინი 10 დღე აშიმშილეს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს, ამის შემდეგ "ჯაჭვის ხიდის" ქვეშ მდინარის პირას გაიყვანეს, ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს. მერე ხელ-ფეხი შეუკრეს "ქედზე ლოდები გამოაბეს" და მდინარეში გადააგდეს.

ღამით აღსრულდა სასწაული, ზეციდან სამი ნათლის სვეტი გადმოვილა, შუქმა არემარე გაანათა, ღვთის ნებით "მოწამეების ქედს ლოდნი შემოეძარცვნენ" და მათი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ. იქვე მყოფმა ბერებმა ცხედრები ნაპირზე ამოიყვანეს, რა დროსაც მოესმათ ხმა, რომ წმინდანთა ნაწილები გადაესვენებინათ იმ ადგილას, სადაც ადრე ხარების ეკლესია იდგა. დანგრეულ ეკლესიაში ბერ- მონაზვნებს დახვდა ძველთაძველი აკლდამა და იქ ჩაასვენეს მოწამენი. ბაგრატ მეოთხის აგებულ ეკლესიაში, სადაც წმინდანები მე-11 საუკუნეში გადაასვენეს, საუკუნეების მანძილზე გაუხრწნელი და უვნებელი იწვნენ სამარხში და მრავალ სასწაულს ახდენდნენ.

1923 წელს სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, სარწმუნოებისთვის თავდადებულ გმირთა ცხედრები აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე ათრიეს. შემდეგ, როგორც პირველ წამებისას, წყალში გადაყარეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასაოცარი თავდადებით წმინდანათა სხეულები გადაარჩინეს და ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×