ელზა პაპოშვილი
04.06.2020

ქუჩური გარჩევა და სროლა ქუთაისში  მეეზოვესა და ბიზნესმენს შორის.  ქალაქის ცენტრში დაპირისპირება ბიზნესმენ გელა თოფურიასა და მეეზოვეს შორის გუშინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. როგორც ბიზნესმენის მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, მეეზოვე თოფურიას სახლთან საქმიანობდა, როდესაც ავტომობილით ის გარეთ გამოვიდა და მისი ნივთი შემთხვევით დააზიანა. თავადპირველად მათ შორის კონფლიქტი  სწორედ ამ ფაქტის გამო დაიწყო. შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.  

ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ, მეეზოვემ ბიზნესმენთან საქმის გასარჩევად ადგილზე ახლობლები მიიყვანა. როგორც მეზობლები ამბობენ, მათ მომხდარიდან რამდენიმე საათში 3-4  ადამიანი შეამჩნიეს, რომლებიც ჩასაფრებულები იყვნენ და ბიზნესმენის სახლში დაბრუნებას ელოდნენ. გელა თოფურიას ადგილზე გამოჩენის თანავე, ისინი ეზოში შეცვივდნენ და მისი ცემა დაიწყეს. მათ გასროლის ხმაც ამ დროს გაიგონეს. თუმცა, ვინ ისროდა, არ დაუნახიათ. 

„ასე, საღამო იქნებოდა, როდესაც რამდენიმე კაცი ჭიშკართან ჩაცუცქულები დავინახე. თითქოს იმალებოდნენ და არ უნდოდათ, რომ ვინმეს დაენახათ.  ფაქტიურად  ჩასაფრებულები იყვნენ. 

“მერე დავინახე, რომ გელაც მოვიდა და ეზოს კარის გასაღებად გადმოვიდა. როგორც კი გააღო და შიგნით შევიდა, ეს ჩამალულები წამოხტნენ და ეზოში  შეცვივდნენ. გელას ესევე ცემა დაუწყეს. მერე გავიგონეთ სროლის ხმაც, მარა ვინ ისროდა, ეს არ დაგვინახია. ეს თავდამსხმელებიც გარეთ გამოცვივდნენ და გაიქცნენ“, - ამბობს მეზობელი. 

ქუთაისში მომხდარ სროლის ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენ გელა თოფურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოხდა. შსს დაინტერესდა კანონიერად ფლობს თუ არა თოფურია ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც გასროლა მოხდა. ჩხრეკის პროცესს თოფურიას ადვოკატიც ესწრებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. 

„გელა თოფურიას სახლში  ჩხრეკა მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც დაუმალავს, რომ რეგისტრირებული იარაღი აქვს და შსს-ს თანამშრომლებს ის ნებაყოფილობით, უპრობლემოდ აჩვენა. მას დასამალი არაფერი აქვს და სახლშიც უკანონოდ არაფერს ფლობს. დანარჩენი რა მოხდა გამოძიებით გაირკვევა. სახლში თუ ვინმე თავს გესხმის, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი თავს შეძლებისდაგვარად დაიცავს“- ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×