ელზა პაპოშვილი
05.06.2020

შეიარაღებული დაპირისპირება და ჩხუბი ვაკეში - დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საქმის გარჩევის დროს, სროლისას დაშავდნენ. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ კი სროლის და ქუჩური გარჩევის ფაქტზე ორი ბიზნესმენი დააკავა. დაჭრილი მამაკაცები სწორედ მათი მეგობრები არიან. 

გამოძიების მიხედვით  მომხდარის ვერსია ასეთია- ბიზნესმენებს  მერაბ ხიდაშელსა და მერაბ გურჩიანს, რომლებიც ლაუნჯ–ბარი "არტ ჰაუსის" მეწილეები არიან, დაპირისპირება მოუვიდათ. სისხლიანი გარჩევის შედეგად გიორგი წიკლაური და მისი მეგობარი ირაკლი პაპავა დაიჭრნენ. დაკავებულია დაპირისპირებაში კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.  

პოლიცია ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებს. საუბარია მამაკაცზე, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ფიგურირებს. ხმაურიანი დაპირისპირება ბარ "არტ ჰაუს თბილისზე" დავას უკავშირდება. ობიექტზე, რომელიც რიყეზე მდებარეობს, პრეტენზია აქვს მერაბ ხიდაშელსა და გიორგი წიკლაურს. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენებმა წილები ვერ გაინაწილეს.

გარჩევა ორი პირის დაჭრით დასრულდა. მათგან ერთს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორე კი ცივი იარაღით არის დაჭრილი. საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი.

„ყურმოკრულად ვიცი მეც, რომ მესამე პირიც ფიგურირებს, ვინაიდან მე სისხლის სამართლის საქმესთან წვდომა არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას არ ვფლობ, მერაბ ხიდაშელს ედავებიან ჯგუფურად ძალადობას, თუმცა ვის მიმართ, რა ფორმით, ამის შესახებ ჯერჯერობთ ჩვენთვის უცნობია. თვითონ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ძალადობაში მონაწილეობას," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი. 

ბიზნესმენებთან დაახლოვებული პირი კი „რეზონანსს“ უყვება, რომ უთანხმოება ხიდაშელსა, გურჩიანს და  წიკლაურს შორის დიდი ხანია არსებობს.  მათ  გარდა, ბაგებში მომხდარ დაპირისპირების საქმეში ირაკლი პაპავას სახელი და გვარიც ფიგურირებს. ირკვევა რომ ფინანსური დავა ხიდაშელს სწორედ გიორგი წიკლაურთან ჰქონდა, ახლა პაპავაც და წიკლაურიც დაჭრილია, დაკავებული ბიზნესმენი კი ბრალდებას არ აღიარებს, ამბობს, რომ სროლის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ირკვევა რომ საქმეში, ორი - ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა ნივთმტკიცებები დევს საქმეში და რის საფუძველზე დააკავეს მერაბ ხიდაშელი, რომლისთვისაც უცნობი რჩება, თუ რომელი პირის დაჭრას ედავება გამოძიება.

გარჩევაში მონაწილე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გიორგი წიკლაურს ცივი იარაღით სახისა და ბარძაყის არეში აქვს დაზიანება მიყენებული, ირაკლი პაპავა კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. მათ გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

სისხლიანი ბიზნესდავის დეტალები არ იციან თვითმხილველებმა და შემთხვევის ადგილზე მცხოვრებლებმა. თუმცა ისინი ყვებიან, რა მოხდა   გუშინ საღამოს ბაგებში. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრა ჯერ ცივი იარაღით მოხდა. შემდეგ  კი სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე მოხდა.  ადგილობრივებმა დაინახეს მანქანები, რომელთაც შემთხვევის ადგილი გასროლიდან მალევე დატოვეს.

„ხალხმა დაინახა, რომ ორი დაჭრილის გარდა კიდევ ერთი იყო, მაგრამ მან ტერიტორია დატოვა. როგორც ვიცით, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ჯერ ხალხმ დაინახა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდგ დაჭრა  მოხდა. ამის მერე კი იარაღიდან გასროლის ხმა გავიგონეთ. ჩხუბში მონაწილეებმა კი ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს. როგორც გავიგეთ ბიზნესმენები ყოფილან, რომლებიც წილების გაყოფაზე დაობდნენ“ , - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.           

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×