ია აბულაშვილი
10.06.2020

საქართველოს ეკლესიებში დაცული საგანძურის შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ქართული სიგელ-გურჯები, მათ შორის გამორჩეულია 1546 წლის 4 თებერვალით დათარიღებული სიგელ-გურჯი "სვეტიცხოვლის განძეულობის ნუსხა".

ნუსხაში განსაკურებული ადგილი უკავია სვეტიცხოველში დაცულ ხატებს, მათ შორის მაცხოვრის ხატს, რომელიც თვალითა-მარგალიტითა იყო შემკული. ყოვლადწმინდისა ოქროს საქადაგო ხატი, ერთი თვალითა და მარგალიტით. საქადაგო ხატი, კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოვლისა. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია, მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია. მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო. ზემოთ ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი იყო ჩატანებული.

ნუსხაში შეტანილია ასევე ვერცხლით მოჭედილი მაცხოვრის ხატი. ვერცხლით მოჭედილი ნათლისმცემლის ხატი მარგალიტებით შემკული, ოქროს ჯაჭვით, ჯაჭვზე ერთი ოქროს ხატით. წმინდა გიორგის ხატი. სახარება, ოთხთავი, მოჭედილი ვერცხლით. სინას სახარება. ერთი ტიპიკონი.

საეკლესიო ნივთებიდან ნუსხაში შეტანილია კვერთხი, თევზის კბილისა, მძიმედ ოქროთი მოჭედილი და მარგალიტით. ერთი ოქროს ბარძიმი, ოქროს თეფშით. ერთი ვერცხლის ბარძიმი ოქროთი დაფარული, თავსახურავით. ხუთი ვერცხლის სასანთლე. ვერცხლის საცეცხლური. ვერცხლის სურები თავის სადგამებით. ორი ვერცხლის ნავი. ერთი ვერცხლის ჩარა. ორი ვერცხლის ჯამი, ერთი ორყურიანი. ერთი ოქროს კანდელი, ორი ვერცხლის კანდელი. ოთხი ვერცხლის ფარდა. შვიდგანი ქარაის ფარდაგი, სვეტიცხოველისა ზედა გარდასახურავი. ოქროქსოვილი დიბა, ოქროქსოვილი ატლასი, ხავერდის ხატის გადასახურავი.

მღვდელმსახურთა სამოსიდან ნუსხაში შესულია უძვირფასესი, მძიმედ ნაკერი ბისონი, შემკული თვალ-მარგალიტით. სტიქარი მძიმე ოქროქსოვილით ნაკერი. თეთრი ხავერდით ნაკერი ბისონი მუშამბახიანი ოცი ოქროს ღილით. მძიმედ ნაკერი ონოფორი, დიდროვანი ცამეტი მარგალიტით. მიტრა-მომრგვალებული, შემკული თვალ-მარგალიტით და ვერცხლის ჯაჭვით. ვერცხლის მოჭედილი ყელსაბამი ხატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×