
მთელ წყალტუბოში სოფელ გვიშტიბს გამორჩეული ადგილი უჭირავს. აქ 90 წლის წინ დიდი მწერალი - ოტია იოსელიანი დაიბადა. ოფიციალური სახლ-მუზეუმი ვერ დაარსდა, მაგრამ მისმა შთამომავლობამ თავადვე შექმნა სახლი-მუზეუმი სტატუსის გარეშე და იქაურობას ახალი სიცოცხლე შთაბერა. გარდა იმისა, რომ მწერლის ეზო-გარემო ბიოგრაფიულ ისტორიასთან გვაახლოებს, იგი რეგიონის კულტურის ცენტრი და იმერეთის სამეურნეო ტრადიციის გაცნობის ადგილიცაა. სამყარო, რომელშიც ოტია იოსელიანი ცხოვრობდა და ახლა ყოველდღიურად ასობით მნახველს მასპინძლობს, ორი ეპოქის იმერეთში გვამოგზაურებს.
გამორჩეული მწერალი
შეიძლება წიგნთან მწყრალად იყო, დიდი ლიტერატურული ცოდნით ვერ იკვეხნიდე, მაგრამ მარად გახსოვდეს მწერალი ბრძენკაცი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა შემოვიდა ქართულ სალიტერატურო სივრცეში და ბოლომდე დარჩა გამორჩეული. თავად არაჩვეულებრივ მოქართულეს არასოდეს უცდია, სალიტერატურო ენით მოვეხიბლეთ. კუთხის კოლორიტი შემოინახა და შეუსისხლხორცა ლიტერატურულს, რაც გამორჩეულად მოსაწონი და დასაფასებელია.
16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ნიჭის თაყვანისმცემლებს, შთამომავლებსა და, უბრალოდ, ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს ამ თარიღის აღნიშვნაში კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი. ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ ზომებში ერთ-ერთი საიუბილეო ღონისძიებების აკრძალვაა, რის გამოც წელს ოტია იოსელიანის იუბილე წყალტუბოში ვერ აღინიშნება. როგორც მწერლის ქალიშვილი მანანა იოსელიანი ამბობს, იუბილეებს და ხმაურიან ღონისძიებებს თავადაც დიდად არ სწყალობდა, წლევანდელი ზეიმიც უნებლიეთ ოტიასეული - ჩუმი და მოკრძალებული იქნება.
მანანა იოსელიანი: "დაგეგმილისგან განსხვავებული ღონისძიება ჩატარდება. ეპიდემიის გამო შეზღუდვაა და ვცდილობთ, ეს იუბილეც საზოგადოებრივი ქცევის ახალ წესებს მოვარგოთ. მნიშვნელოვანია, რომ იუბილეს წიგნის მოყვარული საზოგადოება რამდენიმე ახალი გამოცემით შეხვდება: დღე-დღეზე გამოვა "დაჩის ზღაპრების" ახალი, თანამედროვე გამოცემა და მალე მწერლის რჩეულ ორტომეულს იხილავს მკითხველი, რომელზეც კარგა ხანია, მიმდინარეობდა მუშაობა. წყალტუბოს ცენტრში მწერალ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება.
სასტიკად არ უყვარდა იუბილეები, ამბობდა ხოლმე, რა გვეიუბილეება, ქვეყანა თავზე გვექცევაო და კატეგორიულად კრძალავდა. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მისი 90 წლის აღსანიშნავი თარიღი ქვეყნის გასაჭირს დაემთხვა. არადა, ჩვენ, ქართველ ერს, ასეთი ღონისძიებების მოწყობა გვჭირდება იმისთვის, რომ გამორჩეული ადამიანები გვახსოვდეს, ერმა არ დაივიწყოს, მომავალმა თაობებმა გაიცნონ. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ასეთი ოტია იოსელიანიც იყო.
მკაცრი და მომთხოვნი იყო, განსაკუთრებით შვილების მიმართ. მთავარი მოთხოვნა შრომისმოყვარეობა იყო. უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდშიც იმაზე წუხდა, რომ ცუდ დღეში ტოვებდა ქვეყანას. მისთვის მთავარი საქართველო და მისი გასაჭირი იყო და არა ოჯახი და შვილები. ჩვენც ამ პრინციპით გვზრდიდა. ამბობდა, ბრძოლას ყოველთვის აქვსო აზრი. მიაჩნდა, რომ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ არ უნდა გაჩერდე, იბრძოლო განუწყვეტლივ და თავდადებულად. თვითონაც მთელი ცხოვრება სულ ბრძოლასა და შრომაში გალია."
სამშობლოს მეჭირვარამე
საქართველოზე, ქართველობასა და ქართველებზე შეყვარებული მწერლის სატკივარი თუ მთავარი საფიცარი სამშობლო იყო. მისი ხასიათიც ამ სიყვარულმა გამოაწრთო და როგორც მწერლის შვილი, დაჩი იოსელიანი ამბობს, თავისი ცხოვრებისეული პრინციპიც სამშობლოს მიუსადაგა.
დაჩი იოსელიანი, რომელსაც მამისგან ხასიათის რამდენიმე შტრიხი დაჰყვა, ამბობს, რომ ძნელია ცხოვრება ოტიასეული პრინციპით, მაგრამ არც მისი ღალატი შეიძლება.
დაჩი იოსელიანი: "9 წელი გადის, რაც ოტია იოსელიანი აღარ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღესაც მისი "დაწესებული ნორმით" ვცხოვრობ. პირდაპირი და სამართლიანი, შეუვალი და მომთხოვნი ადამიანი იყო. მისი ხასიათი დამყვა, ცოტა სიმძიმე და სიხისტე. მიმაჩნია, რომ სხვა სამყაროს, სხვა ეპოქის ადამიანი იყო. ამიტომაც იყო მისი შვილი, სიამაყესთან ერთად, მოვალეობა და დიდი პასუხისმგებლობაა. განსხვავებული ცხოვრებისეული პრინციპი ჰქონდა. ეს არ არის მარტივი შესასრულებელი, რადგან, ზოგადად, რთულია ოტიას პრინციპით ცხოვრება. ყოველთვის ძნელი იყო, დღევანდელ სიტუაციაში მით უმეტეს, უფრო რთულია. მისეული აღზრდის მეთოდი, მიდგომა ქვეყნისადმი, ოჯახისადმი, თამაშისადმიც კი განსხვავებული იყო.
რაც გულში ჰქონდა, პირდაპირ ლაპარაკობდა და ამას ხალხი დიდ დამსახურებად უთვლიდა. გულდაწყვეტილი იყო, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ვერ გააკეთა. ბევრ რამეზე სტკიოდა გული, ყველაზე მეტად წუხდა, რომ ცუდ დღეში ეგულებოდა სამშობლო. პირდაპირ ვიტყვი - საქართველოს მეჭირვარამე, მისი ტკივილისა და დარდის გამზიარებელი იყო.
ოჯახში თითქმის ყველაფერი ემარჯვებოდა. საჭიროების დროს შეეძლო, დურგალიც ყოფილიყო, ხაბაზიც, მეფუტკრე, ელექტროშემდუღებელი, მიწის მუშაც... არანაირ საქმეს არ თაკილობდა. ახლაც, როდესაც მამა აღარ არის, მის სახლ-მუზეუმს დამთვალიერებლები თითქმის ყოველთვის სტუმრობენ. უმეტესწილად სასკოლო ექსკურსიებია, ბავშვები, პედაგოგები და მშობლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვაკითხავენ. წელს ეპიდემიამ ეს პროცესი შეაფერხა. მინდა, ოტია იოსელიანის შესახებ ახალგაზრდობამ მეტი იცოდეს. იუბილეც ამ მიზანს ემსახურება, რომელიც წელს ვერ მოხერხდა".
ახალი მიმართულება - "ოტიას ეზო"
"ოტიას ეზო" - ასე მოიხსენიებენ წყალტუბოში მდებარე ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, რომელსაც მწერლის შთამომავლები უვლიან. ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს. მნახველებს განსაკუთრებით იოსელიანების საოჯახო მეურნეობა ხიბლავს. როგორც მწერლის შვილიშვილი ზვიად შვანგირაძე გვიამბობს, წამოწყებას უმცროსმა ოტია იოსელიანმა ჩაუყარა საფუძველი და ამით ბაბუის სახლ-მუზეუმის ლიტერატურულ დანიშნულებას სამეურნეო ფუნქციაც შემატა.
ზვიად შვანგირაძე: "ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი მისი გარდაცვალებისთანავე გახდა წყალტუბოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. რაც დრო გადის, დიდი და მნიშვნელოვანი კულტურული დანიშნულება შეიძინა არა მარტო იმერეთში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. ყოველდღიურად, წლის ნებისმიერ დროს, უამრავი დაინტერესებული ადამიანი სტუმრობს.
არა მარტო ლიტერატურული გარემო, მნიშვნელოვანია სახლ-მუზეუმის ახალი ფუნქციაც. კერძოდ, მწერლის უმცროსმა შვილიშვილმა ოტიამ ძალიან საინტერესო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი და დააფუძნა "ოტიას ეზო" - მარანი, რომლის სანახავად უამრავი სტუმარი მოდის. ოტია მათ თავისივე ხელით დაწურული ღვინითა და გამოხდილი ლუდით თუ არყით უწევს მასპინძლობას.
ამ რამდენიმე წლის წინ მან, ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო მარანი, ჩაყარა ჭურები და, ფაქტობრივად, სამეურნეო საქმიანობა წამოიწყო. წარმოების მასშტაბი უკვე იმდენად გაიზარდა, რომ ბრენდი "ოტიას ეზო" მალე ექსპორტზეც გავა.
დაგეგმილია, რომ ოტიას კერა მოეწყოს ძველებურ სტილზე. ამდენად, ხალხის ნაკადი, რომელიც მწერლის გარდაცვალებიდან დღემდე განუხრელად მატულობს, "ოტიას ეზოს" გაცნობით რეგიონის სამეურნეო პოტენციალსა და შესაძლებლობებსაც ეცნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ტურისტებისთვის, რომლებიც წყალტუბოს ვერასდროს ტოვებენ ისე, რომ მწერლის სახლ-მუზეუმი არ მოინახულონ".
ვფიქრობ, ოტია იოსელიანის ბრძნული შეგონებანი ცალკე გასაშიფრი იყო, თითოეული ფრაზა იმდენს იტევდა, არაერთხელ მივბრუნებივარ და სხვა რაკურსით ხელახლა წამიკითხავს. დასანანია, რომ როგორც ჟურნალისტი, მასთან პირისპირ არასდროს ვმჯდარვარ, თუმცა ერთი ასეთი შემთხვევა ყოველთვის მახსოვს: ოტია იოსელიანს წლების წინ, აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობისას, დავუკავშირდი. 2002 წელი იყო. ვთხოვე, 3 კითხვაზე ეპასუხა, თემა, ცხადია, აფხაზეთი იყო. შეცბა, დადუმდა... მერე იუარა, მესტუმრე გვიშტიბში და კითხვა თუნდაც 300 იყოსო... ასე დელიკატურად მიმახვედრა, რომ აფხაზეთზე ტელეფონით საუბარი არ შეეძლო და არც შეიძლებოდა...