
გურიაში, სოფელ ერკეთში მდებარე ერკეთის დედათა მონასტერში, რომელიც აგებულია მე-9 საუკუნეში, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე, მრავალი სიწმინდე ინახებოდა. ტაძრის ძვირფასეულობა კი სასწაულებრივად გადარჩა, რომელიც 1905 წელს ერთ-ერთ მღვდელმსახურს იატაკის ქვეშ დაუმალავს, რათა ეს ძვირფასეულობა გურიაში ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით შემოჭრილი რუსული არმიის საეგზეკუციო შენაერთების დარბევისგან ეხსნა.
ერკეთის დედათა მონასტერი დარბაზული ტიპისაა და დღესაც ამვშენებს მე-9 საუკუნის ფრესკები. ეკლესიის კარიბჭეზე გამოსახულია მაცხოვარი, რომელიც ერთი ხელით კურთხევას არიგებს, მეორეში კი სახარება უჭირავს. მის გვერდით დგანან ღვთისმშობელი და იოანე მოციქული. კარიბჭის დასავლეთით გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით.
ერკეთის მონასტრის უძველესი კარები, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება, შემკულია ვაზის ორნამენტებით, კარის მეორე მხარე კი - ლილიის ყვავილებით. მონასტერი ოდითგანვე საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სწორდ აქ გადაუწერიათ უძველესი გულანი.
ტაძარში ინახებოდა მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზის ვერცხლით მოჭედილი ხატი. ასევე თავპანტის ეკლესიიდან შემოწირული წმინდა გიორგის ხატი.
ერკეთის დედათა მონასტერში დავანებული იყო ეკლესიის მფარველის მთავარნგელოზის უძველესი ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. ეს ხატი პერიოდულად იკარგებოდა, შემდეგ კი ღვთის ნებით ისევ უკან ბრუნდებოდა მონასტერში.
მონასტრის მთავარი სიწმინდე იყო ასევე უძველესი სახარება, რომელიც კომუნისტებმა დაწვეს, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ეს სახარება მონასტრის დეკანოზს ცეცხლმოკიდებული წყალში ჩაუგდია, გაუშრია და ანდერძად დაუბარებია, რომ როცა ეკლესიის დევნა შეწყდებოდა, მაშინ გამოეჩინათ. ეს ის სიწმინდეა, რომელიც ბევრ ქარიშხალს და განადგურებას სასწაულებრივად გადაურჩა, ამ სახარებას ერთი ფურცელიც არ აკლია.
რაც შეეხება სხვა სიწმინდეებს, ერკეთის დედათა მონასტერში დაცული იყო სამოცამდე წმინდა ნაწილები, მათ შორის ხუთი დიდმოწამე წმინდა გიორგის, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარესი და წმინდა ქალწულმოწამე მარინესი. ასევე პანტელეიმონ მკურნალის წმინდა ნაწილები. ასევე იყო სიწმინდები, რომელიც 1870 წელს რომიდან ჩამრაბრძანეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები და პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები.