ია აბულაშვილი
24.06.2020

ქართველ წმინდანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქრისტიანობისთვის თავდადებულ წმინდა მამა ნეოფიტეს, გაქრისტიანებულ არაბს, რომელიც შიო მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ურბნისისი ეპისკოპოსი გახდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გაწეული ამაგისა და ღვთისთვის თავისშეწირვის გამო იგი წმინდანად შერაცხეს.

გაქრისტიანებამდე წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტეს სახელი იყო უმარი, ის სულთან მაჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ. მე-6 საუკუნეში ამირა მუმანის ბრძანებით სარდალი აჰმადი ურიცხვი ჯარით შემოესია საქართველოს. დაიპყრო ქართლი, არგვეთის მთამდე და მტკვარ-ლიახვის შესართავთან დაბანაკდა. მისი ორი მხედარი უმარი და ბურული, რომლებიც ზეიმო და ქვემო ქართლის ასაოხრებლად გააგზავნა ჯართან ერთად, ერთ დღეს მტკვარს ჩამოჰყვნენ და სოფელ ციხედიდთან, მდინარის გაღმა სარკინეთის კლდეებში გამოკვეთილ მღვიმეს მოჰკრეს თვალი. იფიქრეს, ქართველებს იქ ოქრო-ვერცხლი აქვთ გადამალულიო და ახლოს მისვა მოინდომეს.

მტკვარში ფონი მოძებნეს, მაგრამ მდინარე ვერა და ვერ გადალახეს. მთელი დღე იწვალეს და მწუხრმაც მოაწია. მოაყვანინეს ერთი ტყვე და ჰკითხეს რა ხდებოდა მღვიმეში. ტყვემ მიუგო, რომ მღვიმეებში სასწაულმოქმედი კაცის შიოს მიერ შეკრებილი ღვთის მონანი სახლობდნენ. უმარი და ბურული უკან გაბრუნდნენ და სულთანს ეს სასწაული მოუყვნენ. სულთანმა ისევ გააგზავან უმარი და თან ძღვენი გაატანა, ბერებს კი შეუთვალა "ილოცეთ ჩემთვისო".

წავიდა ნობათით დატვირთული უმარი მღვიმისკენ, მაგრამ გზად ჩვენება ნახა, მონასტრის გაშემო ურიცხვი მხედრობა ირევა, მათ შორის კი მოხუცი მონაზონი მიმოდის და მხედრობას განამტკიცებს. მალე ხილვა გაქრა, უმარმა სულთანის სახელით ბერებს მშვიდობის პირობა მისცა. ბერებმა მონასტერში შეიყვანეს და შიოს საფლავთან მიიყვანეს. უმარმა ბერებს ხილვის შესახებ უამბო. "ვიხილე უხილავნი ძალნი მონასტრის გარშემო ჰაერში რომ მიმოდიოდნენ და ამ წმინდა ადგილს იცავენ. ვეჭვობ ანგელოზები უნდა იყვნენ. მათ შორის ერთი მხცოვანი მონაზონი, ის კი თქვენი მოძღვარი უნდა იყოსო"; ეს თქვა და უმარს გონება ქრისტეს ნათელით აევსო, მონასტერში დარჩენაც კი სურდა. ძმობის წინაშე აღთქმა დადო, რომ ამიერიდან არცერთ ეკლესიას არ ააოხრებდა, მონაზვნად აღიკვეთებოდა და მათთან მღვიმეში დასახლდებოდა.

უმარმა აღთქმა შეასრულა, მალევე გამოეპარა სულთანს, თან ორი ერთგული მონა იხლო, ნათელი იღო და მონასტრეში დასახლდა. სახელად ნეოფიტე უწოდეს, რაც ახალ ნერგს ნიშნავს. მონებმაც ნათელი იღეს. ამ სასწაულის ამბავი შეიტყო ქართლის პატრიარქმა და ნეოფიტე ურბნისის ეპისკოპოსად აკურთხა. არ უნდოდა ნეოფიტეს შიოს საფლავის დატოვება; თანაც უღირსად მიაჩნდა, ის ვინც ცოტა ხნის წინ ქრისტიანებს დევნიდა და ხოცავდა, მათ მიწა-წყალს კი აოხრებდა, ახლა იმავე ქრისტიანთა მწყემსად დაადგინეს. მაგრამ დათანხმდა და გულმოდგინეთ იღწვოდა თავის სამწყოსთვის. მგზნებარედ შეუტია წარმართებს და ცეცხლთაყვანისმცემლებს.

ერთ დღესაც, ქრისტეს სჯულის აღიარებისთვის, წარმართები და ცეცხლთაყვანისმცემლები წმინდანს ლოცვის დროს საეპსიკოპოსოში შეეჭრნენ და ქვებით ჩაქოლეს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი". აღსრულდა ნეოფიტეს ნატვრა, ის მოწამის გვირგვინით შემკობილი წარსდგა უფლის წინაშე. მადლიერმა ქართველებმა, ნეოფიტე ურბნელი ისევ შიომღვიმეში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს და სამხრეთის სვეტთან დამარხეს. ურბნისის მონასტერში კი ინახება ნეოფიტე ურბნელის მუხლის ნაწილი, რომელსაც მირონი სდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×