მთავრობა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, სპეციალისტები კი საფრთხეს გრძნობენ
თამარ მუკბანიანი
13.07.2020

სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ენერგეტიკაში ბევრს რამეს ცვლის. ენერგეტიკოსებს კანონპროექტი არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ის აჩენს კორუფციის რისკს, თავისთავად ჩანაწერები კი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. 

მთავრობა ახალი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, რის გამოც პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ცვლილებამ მომხმარებელთა ინტერესები არ დააზიანოს. ასეთად კი სემეკის თავმჯდომარემ წინა ხელისუფლების დროს "ყაზტრანსგაზის" მესაკუთრის ცვლილება დაასახელა.

“ჩვენ შევაფასებთ 5%-ის ან მეტი წილის შემძენს რამდენად ექნება შესაძლებლობა შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომლებიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ თუ რა გავლენა ექნება ახალი მესაკუთრის შემოსვლას მომსახურების გაუმჯობესებაზე ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს სერვისის ხარისხზე, ტარიფებზე და ა.შ.

არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია. ამის მაგალითად მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა. ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა, იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას გადაიხედება, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

კანონპროექტს დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე  და ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი იმაში თუ მარეგულირებელ კომისიას ეცოდინება, ენერგეტიკის ბაზარზე ვინ იქნება ახალი მონაწილე.

„როდესაც სისტემის ოპერატორი გაყიდის ან გაასხვისებს აქციების ან მისი ქონების 5%-ზე მეტს, წინასწარ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიას. მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისია არის ორაგნო, რომელიც პრაქტიკულად სრულად არეგულირებს ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში ბაზრის მონაწილე ობიექტების ქმედებას. აქედან გამომდინარე, ამაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მან წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ ყიდულობს ამ აქციებს. 

ამდენად, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახალი მონაწილე და თუ არ აკმაყოფილებს, მას გარკვეულ ვადას აძლევს მარეგულირებელი კომისია, რომ გაასწოროს ეს საკითხი და თანხმობას აძლევს ამის შემდეგ ან შესაძლებელია უარი თქვას, სფეროში ახალი მონაწილის შემოსვლაზე“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

უმრავსელობის წევრისაგან განსხვავებით, ახალი პროექტი მოწონებას არ იმსახურებს ენერგეტიკოსებში. მურმან მარგველაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" პირდაპირ ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ, რადგან აჩენს კორუფციის რისკს, თავისთავად ჩანაწერები კი ბუნდოვანი და ინტერპრეტირებადია. 

,,მექანიზმი, რომლითაც, ერთი მხრივ, აცილებული იქნება უცხო ქვეყნის სახელმწიფო  ენერგოკომპენიების მიერ თავიანთი ქვეყნის შემოსვლას ენერგოსექტორში, რასაკვირველია საჭიროა ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისათვის, თუმცა ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა არის წარდგენილი პარლამენტში, ამის პრევენციას ვერ მოახდენს. რეალურად ის არის უხარისხო, ბუნდოვანი ჩანაწერებით. ვერც ამ საფრთხის აღმოფხვრას უზრუნველყოფს საფუძვლიანად და თან ეწინააღდეგება სემეკის უფლებამოსილებებს.  

თავად მარეგულირებლისათვისაა საშიში ასეთი თავისუფალი ინტერპრეტირების საშუალების მიმცემი კანონი, რომელიც აჩენს კორუფციის რისკსაც. ამან შეიძლება სემეკი საფრთხის წინაშეც დააყენოს. თანაც გაუგებარია, რატომ ითხოვენ  დაჩქარებული წესით განხილვას? ვფიქრობ, ძალიან ცუდი პრეცენდენტია, როცა ვაფუჭებთ ახლადმიღებულ ენერგეტიკის მთავარ კანონს. ამიტომ ეს პროექტი არის შესაჩერებელი და თავიდან მოსამზადებელი," - განუცხადა ენერგეტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×